ანრი ოხანაშვილი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას, აქედან გამომდინარე, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის კომენტირებისას.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გაანალიზდება ყველა საკითხი, რაზეც მოხდა პოზიციების გაცვლა, ისინი ასახვას ჰპოვებს პროექტში კანონპროექტის სახით.
დეპუტატის განცხადებით, გაიმართება სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით მოხდება პოზიციების გაზიარება და მთელ რიგ საკითხებზე საბოლოო შეთანხმება.
„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვა და ლოგიკურია, რომ საკითხების გადახედვის და ცვლილებების შესაძლებლობა იქნება. ამ ეტაპზე არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების, უფასო საეთერო დროის და საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება საჭიროა და ეს არის აშკარად გამოკვეთილი პოზიცია“, -აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.