ანრი ოხანაშვილი - ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან საქმიან შეხვედრას შენი ქვეყნის პრემიერის დაბარებას როცა ეძახი, ეს ნიშნავს, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს
ანრი ოხანაშვილი - ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან საქმიან შეხვედრას შენი ქვეყნის პრემიერის დაბარებას როცა ეძახი, ეს ნიშნავს, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან საქმიან შეხვედრას შენი ქვეყნის პრემიერის დაბარებას როცა ეძახი, ეს ნიშნავს, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, – „როგორ შეაფასებთ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ შოლცმა პრემიერი დიბარა?“.

ოხანაშვილის თქმით, ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი და აბსურდი.

„პირველ ჯერზეც დაბარებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როდესაც გერმანიის კანცლერის მხრიდან მტკიცე გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის ეროინტეგრაციის გზაზე? ეს დაბარებაა? როდესაც საკუთარ ქვეყანას პატივს არ სცემ, როდესაც ელემენტარული პატივისცემა არ გაგაჩნია ქვეყნის ინსტიტუციებთან დაკავშირებით, როდესაც ხარ უსამშობლო, სამშობლო არ გაგაჩნია, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს უმაღლეს წარმომადგენელ პირთან დაკავშირებით შეგიძლია, ასეთი რამ იკადრო და ასეთი რამ გააკეთო. ამიტომ არიან უსამშობლოები ეს ხალხი, ვინც ასეთ ტერმინებს იყენებს. ჩვენ შეიძლება ქვეყნის შიგნით და პარლამენტში ვიკამათოთ, ცხარე დებატები იყოს და ერთმანეთთან მიმართებით კონკრეტული ეპითეტები გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ევროპის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მასთან საქმიან შეხვედრას შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დაბარებას ეძახი, ეს ზუსტად ის არის, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაგაჩნია და სახელმწიფოებრიობის განცდა არ გაქვს. სამწუხაროდ, ეს არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, კონკრეტული გზავნილები და კონკრეტული „ვორდინგი“, ეს ინფორმაცია არ მისდით ჩვენს პარტნიორებს? როგორ ფიქრობთ, შემდგომ ეს ადამიანები სერიოზულად უყურებენ ოპოზიციის, ცალკეული უსამშობლო ადამიანის მიერ ნათქვამს? თუ ამით მთლიანობაში რეპუტაციულად თვითონაც ზიანდებიან და ცდილობენ, ჩვენს ქვეყანასაც ზიანი მიაყენონ? ასეთ ხალხთან მიმართებით აბსურდებზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საჭიროა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი გზავნილებით გამოირჩეოდა.

„თუ დააკვირდებით, ბოლო კვირეებში რამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტები ხორციელდება საქართველოში და საქართველოს წარმომადგენლების, განსაკუთრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბატონ შოლცთან შეხვედრაც, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა და მნიშვნელოვანი გზავნილებით იყო გამორჩეული, არის მორიგი სიგნალი, რომ გერმანია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში და ეს არის გამოხატულება, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.