ანრი ოხანაშვილი - დროა, ევროპამ წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და, დამსახურებაზე დაფუძნებით, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს.
„ამის დასტურია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება და სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი გუნდის ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა ეყრდნობოდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესს და იმას, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განცხადებით, ახლა სამართლიანი შეფასების მოლოდინია.
„სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და, დამსახურებაზე დაფუძნებით, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.