ანრი ოხანაშვილი - დრო გვაქვს, ყველა კომიტეტმა შეაფასოს „ხალხის ძალის“ პროექტი და საერთო დასკვნამდე მივიდეთ, არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ
ანრი ოხანაშვილი - დრო გვაქვს, ყველა კომიტეტმა შეაფასოს „ხალხის ძალის“ პროექტი და საერთო დასკვნამდე მივიდეთ, არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დრო არსებობს იმისთვის, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტებში იმსჯელონ, რა კუთხით საჭოროებს პროექტი დამუშავებას და საერთო დასკვნამდე მივიდნენ.

მისივე თქმით, „ადამიანები, დემოკრატიის სახელით, სიძულვილს, ღვარძლს ტირაჟირებდნენ ისე, რომ კანონპროექტი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი. ოხანაშვილის თქმით, ეს დემოკრატია არ არის.

„სრული აბსურდია და წარმოუდგენელი მოცემულობა, როცა ხალხს კანონპროექტი ნანახი არ ჰქონდა და დემოკრატიის სახელით ამბობდნენ, რომ ვიღაცას რაღაც ეზღუდება მაშინ, როცა საუბარი იყო ინიციატივაზე, კანონპროექტზე, რომელიც მრავალ შემოწმებას, კონსტიტუციურ სამართლებრივ ტესტს გაივლის, რა მიზანს ემსახურება და რითია გამართლებული.

დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველა პროფილურმა კომიტეტმა ეს კანონპროექტი შეაფასოს და ვიმსჯელოთ, რა კუთხით საჭოროებს პროექტი დამუშავებას და საერთო დასკვნამდე მივიდეთ, ქვეყანას რა ტიპის ცვლილებები სჭირდება. არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ. ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიზანმიმართული მცდელობაა პროცესის დაზიანების. გაცხადებული გვაქვს, რომ ამ საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ და ყველა მხარეს საშუალებას მივცემთ, მოსაზრებები გაგვიზიარონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.