ანრი ოხანაშვილი - დღეს საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაცლილი პოლიტიკური მიკერძოებისგან
ანრი ოხანაშვილი - დღეს საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაცლილი პოლიტიკური მიკერძოებისგან

ჩვენ დღეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, გამოიჩინა მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ყველა ინსტანცია ამოწურული ამ საქმეში – შექმნილია საგამოძიებო კომისია. მომდევნო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი მმართველი გუნდის მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ კომისიის მართვა გადავეცით საპარლამენტო უმცირესობას, რათა ეს პროცესი დაცლილიყო მაქსიმალურად რაიმე სახის მიკერძოებისგან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას მისცა შანსი, ყოფილიყვნენ ობიექტურნი.

„თქვენ ყველა, ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალს თუ რა პროცესით მიმდინარეობდა ამ კომისიის მიმდინარეობა, რამდენად გამჭირვალედ. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი და ყოველთვის გვიწევდა იმის შეხსენება, რომ საგამოძიებო კომისიას უნდა წარემართა თავისი საქმიანობა ობიექტურად და ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან მოვუწოდებდით, არ ეჩქარათ რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ, თუმცა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არ იყო თანხვედრა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს დროებით საგამოძიებო კომისიას წარუდგენენ მათ მიერ მომზადებულ დასკვნას.

„ეს არის ობიექტური დასკვნა, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან. განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც წარმოადგინა „ევროპულმა საქართველომ“, რომელიც გაჯერებულია ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით. ეს არის პოლიტიკური რევანშის მცდელობა, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ არ მივცემთ არავის, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, დავდოთ ობიექტური ჭეშმარიტება საქმეზე და დავადგინოთ კონკრეტული ფაქტები“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებმა დაადგინეს, რომ ადგილი ჰქონდა გამოძიების წარმართვის პროცესში ხარვეზებს და ამ ხარვეზებმა გავლენა იქონია მტკიცებულებათა ხარისხზე.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემას დაზარალებულ ოჯახებთან და საზოგადოებასთან. დავადგინეთ და ვადგენთ, რომ საჭიროა რეკომენდაციების გაცემა ამ მიმართულებით. საჭიროა სისტემის რეფორმირება, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური საგამოძიებო სისტემა. ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული რეკომენდაციებით კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ის, რომ აუცილებელია ცალკეულ პირებთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს მათ როლთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით სისხლის სამართლებრივი დევნის განმხორციელებელი ორგანო, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას და ვერ ვიქნებით სადამსჯელო ორგანო. ამიტომ ჩვენ ვიქნებით ობიექტურები და ობიექტურ დასკვნას წარმოვადგენთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.