ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონზე გაურკვევლობები რომ არ იყოს, ევროპულ სტრუქტურებთან გვაქვს კონსულტაციები, რომელსაც მალე დავასრულებთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებულ საკითხს ნათელი რომ მოეფინოს და გაურკვევლობები არ იყოს, ევროპულ სტრუქტურებთან კონსულტაციები აქვთ, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„გაურკვევლობები რომ არ იყოს და უფრო ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ამ კანონპროექტზე დასკვნის დასადებად, თუმცა ვაზუსტებთ ამ საკითხებს. მოისმინეთ ასევე ქალბატონი აშშ-ის ელჩის მოსაზრება, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს კონკრეტული ოფიციალური განცხადება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, გარკვეული თავშეკავებაა ამ საკითხზე კომენტირებისას. ამიტომ, რომ გაირკვეს, რა ხდება ამ კანონთან დაკავშირებით — ვენეციის კომისია ამზადებს დასკვნას, არ ამზადებს, რაიმე შეფერხება იქნება თუ რა იქნება და აქედან გამომდინარეც მივიღოთ გადაწყვეტილება, დასკვნა გავაგზავნოთ თუ არა — ვართ კონსულტაციის რეჟიმში. პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით არ გვაქვს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის ეშინია, ოხანაშვილის თქმით, საქართველომ ერთი-ერთში გადმოიღო ის მოდელი, რომელიც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა მხრიდან პოზიტიურად შეფასდა და საშიში არაფერია.
„როგორ შეიძლება, გვეშინოდეს რაიმესი, როდესაც ჩვენ ერთი-ერთში გადმოვიღეთ ის მოდელი, რომელიც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. რა არის აქ საშიში? ამიტომ არაფერია აქ საგანგაშო, დამშვიდდეს ყველა. კონსულტაციებს მალე დავასრულებთ და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.