სამართლიანობა და სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ პირი, რომელიც მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული, პასუხი უნდა აგოს, სასჯელი უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას გერმანიიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ექსტრადირებით ფაქტია, რომ სამართლიანობა აღდგა.
ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გერმანიის სასამართლომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი მიიჩნია სანდოდ.
„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ სამართლიანობა აღდგა. სამართლიანობა და სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ პირი, რომელიც მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული, პასუხი უნდა აგოს, სასჯელი უნდა აღსრულდეს. ამ ექსტრადირებით ფაქტია, რომ სამართლიანობა აღდგა.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ გერმანიის სასამართლომ წერტილი დაუსვა და ის ეჭვი გააქარწყლა, რომელიც ამ ადამიანის მიმართ იყო, რომ თითქოს საქართველოში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იქნებოდა გამოყენებული და შესაძლოა, ის პოლიტიკური ნიშნით ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული. გერმანიის სასამართლომ ყველა საკითხი შეისწავლა და ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი მიიჩნია სანდოდ, არ გაიზიარა ამ ადამიანის ეს თითიდან გამოწოვილი პოზიცია.
შესაბამისად, ეს არის ორმაგად მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი მხრივ, აღდგა სამართლიანობა და მართალია შეყოვნებით, მაგრამ სასჯელის აღსრულება დაიწყო, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი არის ის, რომ გერმანიის სასამართლო დაეყრდნო იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომ გადმოეცა ეს ადამიანი საქართველოსთვის და სამართალი აღსრულებულიყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.
დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.