ანრი ოხანაშვილი - დარბაზს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ოპოზიციის სკამები ცარიელია, აი, ასე ზრუნავს ოპოზიცია ადამიანის უფლებებზე
ოპოზიციის მხრიდან დარბაზში მხოლოდ ბატონი პაატა მანჯგალაძეა წარმოდგენილი. ესეც იმის ნათელი მაგალითია, როგორ იყენებს ბაქი-ბუქა ოპოზიცია ტრიბუნას, როდესაც საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რამდენად ობიექტური არიან ისინი, რამდენად შინაარსობრივად შედიან ისინი პოლემიკაში მმართველ პარტიასთან, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს უსმენს.
მისი თქმით, ერთადერთი რეალური ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ადამიანის ღირსებას და ფუნდამენტურ უფლებებს იცავს „ქართული ოცნებაა“.
„ჩვენ აქ უნდა გვქონდეს გაცხარებული კამათი და მსჯელობა რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ სათანადოდ, რა გეგმები უნდა გვქონდეს და სახალხო დამცველის მექანიზმი, რეკომენდაციები უნდა იყოს გამოყენებული მსჯელობისთვის. თუმცა გადახედეთ დარბაზს. აქ არის ცარიელი სკამები. აი, ასე ზრუნავს ოპოზიცია ადამიანის უფლებებზე. სამაგიეროდ, დილით კეკლუცობდნენ კამერებთან, რომ სახალხო დამცველი მოდიოდა, რომ თურმე ოპოზიციის უფლებებია შელახული და ა.შ. აი ეს არის რეალური სურათი. ერთადერთი რეალური ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლის მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, ფუნდამენტური უფლებების დაცა – ეს არის „ქართული ოცნება. ამას ადასტურებს ერთი მხრივ ის მოცემულობა, რაც გვაქვს ამ დარბაზში და მეორე მხრივ, ფაქტები, გაკეთებული საქმე და ის გეგმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.