ანრი ოხანაშვილი - დაკონკრეტებულია მუხლები, რომლებიც არის წითელი ხაზი, თუ ვინმეს დაუდგინდა ამ მუხლებით დანაშაული, ბრძანების გამცემი იქნება თუ აღმასრულებელი, ამნისტია არ შეეხება
შევთანხმდით, რომ უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა და თუ სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, იქნება ეს პოლიციელი, თუ შეკრების მონაწილე მოქალაქე, მათ თანაბრად უნდა ეპატიოთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე შეთანხმდნენ, რომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება თუ მოხდა განზრახ, მიზანმიმართულად, ასეთ პირს, როგორც აღმასრულებელს, ისე თანამონაწილეს, მაგალითად, ორგანიზატორს ამნისტია არ უნდა შეეხოს.
გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილმა განმარტა ის განსხვავებები, რაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პროექტებს შორისაა.
„პროექტებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ, ჩვენი აზრით, ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას, ფაქტს და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რომლებსაც არ ეხება. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ უნდა ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება და რას არ ეხება.
მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების აზრით, საჭირო უნდა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ხოლო ჩვენი პიზიციაა, რომ ვინაიდან ხელმომწერმა მხარეებმა ვიკისრეთ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პილიტიკოსებმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ბრძანების გამცემ პირებს როგორ შეეხებათ, იყოფა მუხლები, რა სახის და ტიპის ბრძანებაა გაცემული?“, – ოხანაშვილის თქმით, დაკონკრეტებულია მუხლები, რომლებიც არის წითელი ხაზი.
„თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა, აღმასრულებელმა, თუ ბრძანების გამცემმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც შეეზება მაგალითად, 117-ე მუხლს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ეს ვერავიზე ვერ გავრცელდება, ჩაიდინა მაგლითად წამების მუქარა, ვერც მასზე ვერ გავრცელდება. ანუ, თუ ვინმეს დაუდგინდა ამ მუხლებით დანაშუალი, არ აქვს მნიშვნელობა, ბრძანების გამცემია ეს პირი, თუ აღმასრულებელი, მას ამნისტია არ შეეხება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.