ანრი ოხანაშვილი - დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებით ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სამაგალითო ჩვენს რეგიონში
ანრი ოხანაშვილი - დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებით ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სამაგალითო ჩვენს რეგიონში

დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებით ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სამაგალითო ჩვენს რეგიონში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა, როგორც დეპუტატი აცხადებს, მთავრობასთან ერთად, პარლამენტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ეფექტური კანონი მიიღონ.

„საქმე ეხება ფუნდამენტურ გრძელვადიან რეფორმას, რომლის მიზანია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის საკითხის დარეგულირება. სწორედ ეს მიზანი აქვს მთავრობას, რომელმაც სიღრმისეულად მოამზადა ასეთი ამბიციური პროექტი.

მართალია არის საკითხები, რომლებიც შესაძლოა გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა, მთავრობასთან ერთად, პარლამენტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ ეფექტური კანონი.

ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ ჩვენს მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, შექმნან დანაზოგი, რომელიც იქნება დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.

​დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.