ანრი ოხანაშვილი - ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ პროპაგანდის წახალისება მიუღებელია და ამის პრევენციას ვახდენთ
ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ პროპაგანდის წახალისება მიუღებელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ოხანაშვილს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებზე დაუსვეს კითხვა.
ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პირის უფლება უნდა იყოს დაცული.
„აღმაშფოთებელია იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს ნიშნავს, თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადნენ, იმაზე იფიქრონ, რომ შეიძლება, სხვანაირები იყვნენ და ეს ნორმალურია. ამის პროპაგანდირებაში სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი პროპაგანდის წახალისება მიუღებელია. ჩვენ ამის პრევენციას ვახდენთ. რაც შეეხება განსხვავებული ცხოვრების წესს, ეს ნებისმიერი პირის არჩევანია. ვინმეს განსხვავებული ცხოვრების შეფასება ჩვენი ინტერესი არ არის, მით უფრო, ვინმეს განსხვავებული ცხოვრების სტიგმატიზება. განსხვავებული ცხოვრების მქონე პირთა უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა ნებისმიერი პირის. დისკრიმინაცია დაუშვებელია, დაცული იქნება მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები. განსხავებული ცხოვრების წესის პროპაგანდა კი ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.