ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით
მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, ეს მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს. ჩვენ არავის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, კანონმდებლობით რაც არის განსაზღვრული. თუ ვინმე ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია. არ გამორიცხოთ ისიც, იყოს მოცემულობა, რომ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ეუბნებოდნენ, გაგაწევრიანებთო და არ აწევრიანებდნენ. ეს გასარკვევია. არავის უთქვამს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ან ამის უფლება გვაქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოვართვათ. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, თავიანთი შეგნებით მიდიან და იბრძვიან. არიან ადამიანები, ვინც ერთვებიან კონფერენციებზე კიევიდან, პოლიტიკური პარტიების შეკრებებში მონაწილეობენ, ახდენენ მოწოდებებს და სხვადასხვა საკითხის მენეჯმენტით არიან დაკავებული. ამას რომ აკეთებენ და ფაქტად გისახელებთ, ეს ვის უქმნის დისკომფორტს ან პრობლემას? ბატონი მამულაშვილი თუ ამ საქმითაა დაკავებული და ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ახდენს დაორგანიზებას გარკვეული საკითხების, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. ესეც არის შემდგარი ფაქტი, რომ ადამიანებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ რაღაც დაპირებებს აძლევს, ესეც ფაქტია, რა არის გასაკვირი, თუ ამას თვითონვე ადასტურებენ?“ – განაცხადა ოხანაშვილმა.