ანრი ოხანაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება და ველოდებით ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება და ახლა პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო დაინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც. ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლებოდა, სხვაგვარად დაგვეწერა, მათ შორის, გამომდინარე და თანმდევი კანონპროექტებიც, თუმცა ჩვენი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ შესაძლებელი იყოს იმ დასკვნის გამოყენება, რომელიც გაიცემა უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, შესაძლოა, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამომდინარე კანონპროექტებიც დასჭირდეს.
„უნდა შევთანხმდეთ კონცეპტუალურ საკითხზე და ამ მიზნით არის წარმოდგენილი ძირითადი დოკუმენტი. შემდგომ რა პროცესებითაც განვითარდება კანონპროექტის განხილვა, აქედან გამომდინარე შეიძლება, დაგვჭირდეს რეგლამენტის შესაბამისი პროექტის დაინიცირებაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი, საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. კანონპროექტი ოლიგარქად აღიარებული პირისთვის შეზღუდვებს დააწესებს. მათ შორის შეიზღუდება: პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად შემოწირულებების გაღება, პარტიების დაფინანსება ან პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან 10 წლის შემდეგ დაკარგავს ძალას. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.