ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებმა სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ, ცვლილებები უნდა მოვამზადოთ საერთაშორისო სტანდარტებით, ყველა მხარეს მივეცით აზრის გამოთქმის საშუალება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სასამართლოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განსაზღვრა დაიწყეს.
მისივე თქმით, ყველა მხარეს საშუალება მისცეს, აზრი გამოეთქვათ, თუ რაში ხედავენ გამოწვევას და როგორია ამის გადაჭრის გზები.
როგორც ოხანაშვილი ამბობს, სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება.
„ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა მოქალაქეებმა დროულად დაიკმაყოფილონ მათი ინტერესები და სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ, რაც დროში შეფერხებული არ უნდა იყოს. ასევე საერთაშორისო სტანდარტებით უნდა მოვამზადოთ ცვლილებები. ყველა მხარეს საშუალება მივეცით, აზრი გამოეთქვა, რაში ხედავენ გამოწვევას და როგორია ამის გადაჭრის გზები. კონკრეტული საკითხების განსაზღვრა დავიწყეთ და შევადგინეთ ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ საკითხს სასამართლოს გადატვირთულობასთან, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ დავსვით საკითხი საპროცესო ვადებთან დაკავშირებით, ასევე დაისვა საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვასა და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული. ეს საკითხები რამდენად არის პრობლემა, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება, მტკიცებულებებით გამყარება. ამიტომ ავიღეთ ერთკვირიანი გონივრული ვადა, რომ ვისაც სურს, ამ საკითხების დასაბუთება წარმოადგინოს. 15 აგვისტოს იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც თითოეული საკითხის ავტორს მოვუსმენთ და თითოეულ საკითხზე გავმართავთ მსჯელობას. ამის შედეგად გამოიკვეთება, რა არის ფაქტი, რა არის აღქმა, რა არის ობიექტური, რა არის სუბიექტური, რაზე შეგვიძლია, შევჯერდეთ, რაზეც ვერ შევჯერდებით ესეც დარჩება ოქმში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.