ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც მომზადებულია სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით და თანხვედრაშია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან
ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც მომზადებულია სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით და თანხვედრაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან, ამ პრინციპს ბოლომდე ვიცავთ, თუ კანდიდატის სტატუსი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ცდა ჩავატაროთ საქართველოს კანონმდებლობაზე, ამას ჩვენ არავინ გვთხოვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა იმისთვის სჭირდება, რომ ევროკავშირის ქვეყნების სამართალს დაუახლოვდეს.
„როდესაც ვინმე ამის საწინააღმდეგოს განხორციელებაზე გვეუბნება, სავსებით ლეგიტიმურია, ვთქვათ, რომ ეს ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის. რაც შეეხება საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, ამაზე არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ვერ მოვისმინე არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უნდა განვახორციელოთ ფუნდამენტური რეფორმა ან რას ნიშნავს ფუნდამენტური რეფორმა? იმავე ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში არსებულ საბჭოს მოდელთან დაკავშირებით დაგვიწერა დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ საბჭოს კომპოზიცია, სტრუქტურა და სამართლებრივი ძალა, რაც მას გააჩნია, მისასალმებელია და უმეტესად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩნდება კითხვა, რითია განპირობებული ის, რომ როდესაც ამას ვენეციის კომისია 2017-2018 წლებში ამბობდა, იგივე ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ფუნდამენტური რეფორმა გაატარეთ საბჭოსთან დაკავშირებით – ეს არის ჩვენთვის გაურკვეველი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.