ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ველოდებით შესაბამის ნაბიჯს, როდესაც იქნება შეკრების შემოთავაზება და შესაძლებობა
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ველოდებით შესაბამის ნაბიჯს, როდესაც იქნება შეკრების შემოთავაზება და შესაძლებობა

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს მათი წვლილისთვის და იმ თმენისთვის, რასაც იტანენ. სამწუხაროდ, ის თავდასხმები, რასაც ვხედავთ ოპოზიციური ჯგუფებიდან მათ მიმართ, არ არის ის დღის წესრიგი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ სამართლებრივ სახელმწიფოზე დაფუძნებული ოპოზიციური ჯგუფები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმა რომელიმე ქვეყნის ელჩზე, ნიშნავს თავდასხმას შესაბამის ქვეყანაზე.

„ეს ნიშნავს თავდასხმას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაში. წარმოუდგენლი რამ არის, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები, შესაბამისი ე.წ მედიის წარმომადგენლები თავს ესხმიან იმ სტრატეგიული ქვეყნების ელჩებს, რომლებიც  მხარს უჭერენ საქართველოს დეოკუპაციაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არის.

„მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა მზად ვართ, ჩვენ არასდროს  გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, მის განვითარებასა და თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის იმ ოპოზიციური ჯგუფების ამომრჩევლებზე, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილნი. ველოდებით შესაბამის ნაბიჯს, როდესაც იქნება ამის შემოთავაზება და შესაძლებობა, რომ შევიკრიბოთ და განვაგრძოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.