ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ გვყავს კონსტრუქციული, კვალიფიციური ოპოზიცია, ისინი საერთაშორისო პარტნიორებსაც კი არ უწევენ ანგარიშს
ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად დიდი კონსესუსისა და საერთაშორისო მხარდაჭერისა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა მეორე განშტოებამ, ე.წ „ევროპულმა საქართველომ“, მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავისი რეალური სახე აჩვენეს.
„კოლეგებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ჩვენ უკვე მეორე მოსმენით ვიხილავთ, რომელზეც არის სრული კონსესუსი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ საქართველოში მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს და განაცხადა, რომ ეს არის კონსესუსზე დაფუძნებული, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცვლილებები და მიესალმნენ ამ პროექტს. ასევე მიესალმა ამ პროექტს ევროპის საბჭოს ოფისი, კრისტიან ურსე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და შეაფასეს ეს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებად, რომელმაც კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი სასამართლო სისტემის შემდგომ გაძლიერებას. ამიტომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ვართ ახლა, მეორე მოსმენით განვიხილეთ ეს პროექტი. ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ასეთი დიდი კონსესუსისა, ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ფაქტიურად არ არსებობს საკითხი, რაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით და ამ ყველაფრის მიუხედავად, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე მათმა მეორე განშტოებამ, ე.წ „ევროპულმა საქართველომ“, მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს. ეს არის მათი რეალური სახე, ერთის მხრივ ისინი საუბრობენ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე, იმაზე, რომ აუცილებელია მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი დასაბუთება კონკრეტული საკითხების, თუმცა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია და სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კი არა, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვიღებთ ამ პროექტს და ასეთ შემთხვევაში ისინი მხარს მაინც არ უჭერენ. პირიქით, უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ამას, ეს არის რეალურად მათი დამოკიდებულება „რეფორმებისადმი“, ვინაიდან მათ არ სურთ რეფორმები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს არ ყავს კონსტრუქციული და კვალიფიციური ოპოზიცია.
„მათი რეალური სახე არის ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს და ეს არის სამწუხარო, რომ ჩვენ რეალურად არ გვყავს არც კონსტრუქციული, არც კვალიფიციური ოპოზიცია და ისინი საერთაშორისო პარტნიორებსაც კი არ უწევენ ანგარიშს, ასეთ მნიშვნელოვან პროცესში იყვნენ თანაზიარნი ერთობლივად შემუშავებული პროექტის. ამიტომ მე ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ასეთი წარმატებული პროექტის წარმოდგენას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.