ანრი ოხანაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კონკურსის გამოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში კანდიდატებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილი საკონკურსო კომისია შეისწავლის.
პროცედურის თანახმად, კომისია პრეზიდენტს სამ კანდიდატს წარუდგენს, თავის მხრივ, პრეზიდენტი კი მათგან ორ კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.
„თამარ ჟვანიამ პერსონალური გადაწყვეტილება მიიღო. ცესკო-ს წევრების არჩევის პროცესი პრეზიდენტის მიერ კონკურსის გამოცხადებით იწყება. კონკურსის გამოცხადების შემდგომ, ხუთი დღის ვადაში კონკურსანტებმა საბუთები უნდა შეიტანონ. პრეზიდენტთან ასევე იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატის წარდგენას პრეზიდენტისთვის. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ერთ ვაკანსიაზე უკვე ორ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს.
კენჭისყრის სხვადასხვა მექანიზმია. პირველ შემთხვევაში, საჭიროა 100 დეპუტატის მხარდაჭერა. ოპოზიცია თუ იხელმძღვანელებს ობიექტური და სამართლიანი მიდგომებით და შეთანხმება შედგება, აირჩევა თავმჯდომარე. ეს თუ ვერ მოხერხდება, არის უკვე 90 ხმით არჩევის შესაძლებლობა და თუ ესეც ვერ ხერხდება, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ამ ინსტიტუციის შეფერხება, ასარჩევად საჭიროა უკვე 76 ხმა. თუმცა, ამ შემთხვევაში არჩევა ხდება არა 5 წლის ვადით, არამედ 6 თვით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში ობიექტურობის, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს დაიცავენ.
„ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, რომ ობიექტური და სამართლიანი პრინციპების დაცვით შევარჩიოთ კანდიდატი. ჩვენი პრინციპი იქნება: ობიექტურობა, სამართლიანობა და პროფესიონალიზმი. რაც შეეხება ოპოზიციას, იმედი მაქვს, ისინიც ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ. თუ ასე იხელმძღვანელებენ, არსებობს კონსენსუსის რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ყველა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.