ანრი ოხანაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისტორიული კვალი დატოვა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი ყველა არსებულ საკითხსა და კითხვას პასუხობს.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელსაც დღეს თქვენ სვამთ – თუ რატომ შემოვიდა ის პოლიტიკაში, რა მიზანი ჰქონდა პოლიტიკაში შემოსვლით. ასევე ის, რომ მას არასოდეს ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა. არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში. ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მომართული მიდგომაა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
„რაც შეეხება ჩემს შეფასებას, შემიძლია, გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი საზოგადოება კიდევ ეტაპობრივად შეაფასებს. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ, უარს ამბობ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც მას ეკავა. მას პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. წერილში დასმული საკითხები და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რატომ ჩათვალა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდის იყო საჭირო გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი პერსონალურია. ეს არის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას ყველა თვითონ იღებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.