ანრი ოხანაშვილი - ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და კარგ საქმეს აკეთებს, როგორც ჩანს, ამ თანამშრომლებზე არის ზეწოლა, რასაც სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მით უმეტეს, როცა ეს ეხება ჯანდაცვას. კანონით ნებადართული არ არის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც აკეთებს კარგ საქმეს და როგორც ჩანს, მიმდინარეობს ზეწოლა ამ თანამშრომლებზე, რასაც სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს.
„სიყალბეა, კანონს უარყოფითი გავლენა ექნებაო. არაერთი ჩვენი მოქალაქე ქვეყნისთვის კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და კარგ საქმეს აკეთებენ. როგორც ჩანს, უშუალო წნეხი და ზეწოლაა ამ თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს და ამაზე ექნება რეაგირება. არავის ეგონოს, რომ ვინმეს უყურადღებოდ დავტოვებთ, როცა შეიძლება მათთან მიმართებაში ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდეს, ვინმე დაემუქროს, რომ რაღაც პროგრამას დაუხურავენ და ა.შ. ეს სწორი დამოკიდებულება არ იქნება. კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მით უმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება. კანონით ნებადართული არ არის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, თურმე კანონი უკუშედეგს იწვევს. ეს არის დეზინფორმაცია და ამაზე სახელმწიფოს რეაქცია ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ონის მერიაში აღნიშნეს, რომ ფონდმა „ფეა თრიიზმა“ გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, რაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. ონის მერიაში განმარტეს, რომ ფონდის იდეა მოიცავდა მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მერიამ უზრუნველყო. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი იაფფასიანი სპეკულაციაა. მათივე განმარტებით, პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.