ანრი ოხანაშვილი - აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს, რაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დასკვნები
აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნას, რომელიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
მისი განცხადებით, ვინაიდან ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.
„გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა, და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.
„ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.
„აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე.
საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.