ანრი ოხანაშვილი - არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარესაა, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი პაექრობისთვის
არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარესაა, ჩვენ მზად ვართ, გნებავთ, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ, ან სხვაგან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავროგო ორგანიზაციების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ოხანაშვილის თქმით, თუ ვინმეს ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ სურს, ინსტიტუციას მიმართოს, ეს მათი უფლებაა, თუმცა მათი ვალდებულებაა, რომ დაასაბუთონ მიმართვის საფუძვლიანობა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში დავა ერთხელ ხომ გახსოვთ, როცა პრეზიდენტად წოდებულს ხმალამოღებით გადაეფარნენ? იქ წარმართული სამართლებრივი განხილვა და შედეგიც ხომ გახსოვთ, მათ კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები. არგუმენტები ქართული ოცნების“ მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, გნებავთ, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ, ან სხვაგან. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიგაქვს საქმე, იქ იმის დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს, რომ სასამართლოს მიმართო, ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ და გამოუსწორებელ შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს საფუძველი, რომ იმსჯელო ნორმის შეჩერებაზე. ესეც იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით დაველოდებით საბოლოო მოტივაციას და მზად ვართ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიღებული კონკრეტული საკანონმდებლო აქტი. კანონი მიღებულია. შესაბამისად, ამოქმედდება და ის სამართლებრივი პროცედურები დაიწყება, რაც იუსტიციის სამინისტრომ უნდა განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის სამართლებრივი პაექრობისთვის.
„ვინმეს ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ თუ სურს, ინსტიტუციას მიმართოს, ეს მათი უფლებაა, თუმცა მათი ვალდებულებაა, რომ დაასაბუთონ მიმართვის საფუძვლიანობა. ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც და საერთაშორისო მიდგომებიც შესწავლილი გვაქვს და ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც ნორმის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ არცერთი მხრივ არის არგუმენტები მოსარჩელეების სასარგებლოდ, თუ ასეთი იქნება, და ვერც სტრასბურგის სასამართლოს ექნება მოსარჩელეების მხრიდან სათანადო მოტივაცია და არგუმენტები. ერთია, როცა ამბობს, რომ „მივმართავ“, მეორეა დასაბუთების ვალდებულება. ჩვენ მზად ვართ, სადაც სამართლებრივი პაექრობა და მსჯელობა საჭირო იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია:„ქართული არასამთავრობოები ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოებისთვის“.