ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ანრი ოხანაშვილი მესამე სექტორს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმდინარე საკითხებსა და კანონპროექტებს გააცნობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოისმენს იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რაც მიმდინარე ინიციატივებთან დაკავშირებით მათ გააჩნიათ.
„შეხვედრის გადაწყვეტილება მე მივიღე, ვინაიდან საჭირო და აუცილებელია, კომიტეტში მიმდინარე საკითხები, კანონპროექტები, რომლებიც განიხილება, გავაცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რა კუთხით შეუძლიათ მათ მხარი დაგვიჭირონ და ითანამშრომლონ ჩვენთან. ასევე, მოვისმინოთ მათი პოზიციები. მე ასევე გავაცნობ კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს და ჩვენ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც არის აქტუალური, რომლებთან დაკავშირებითაც მაქვს სურვილი, ვითანამშრომლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოვისმენ მათგან პოზიციებს. ამ ყველაფრის დანიშნულება არის ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე კანონპროექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მესამე სექტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს დაინტერესდება საარჩევნო რეფორმით. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აპირებს, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით ინკლუზიური ჯგუფის შექმნის საკითხი დააყენოს. მესამე სექტორი ასევე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მიმდინარე პროცესითაც დაინტერესდება.
„პირველ რიგში, ცხადია, დავინტერესდებით, რას გაგვაცნობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდანაც იქნება გარკვეული რეკომენდაციები და შეთავაზებები. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობთ, არის საარჩევნო რეფორმაზე ფოკუსირება და ამ მიმართულებით სხვადასხვა საკითხის წამოწევა. ერთის მხრივ, ცხადია, ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემის დროულად ამოქმედების საჭიროებაზე, რადგან სისტემა, როგორც იცით, უკვე შესული არის კონსტიტუციაში და უკვე დამტკიცებულია. უბრალოდ საუბარია, როდის ამოქმედდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ამის მიღმაც, ვფიქრობთ, არის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო კუთხით, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, პარტიების დაფინანსება, ასევე საარჩევნო დავების მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ინკლუზიური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც იმუშავებს საარჩევნო რეფორმაზე. ასევე სასამართლო მიმართულებით არის სერიოზული პროცესი, მეოთხე ტალღის პროცესი, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია, რომ უკვე არის სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციებსაც გავაცნოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.