ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მხოლოდ „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შეთანხმებულან
ჩვენი საზრუნავია, საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეებს შევთავაზოთ, კომფორტული სერვისი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დროს მხოლოდ „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შეთანხმებულან და საკითხზე მსჯელობენ.
„ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ხომ არ იქნება სწორი გადავიდეთ უფრო სწრაფად და ინტენსივობით „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე, თუმცა ამას თან სდევს პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – გააცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.