ანრი ოხანაშვილი - ადამიანურად ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი, ვაცნობიერებთ მაღალ პასუხისმგებლობას და იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია 
ანრი ოხანაშვილი - ადამიანურად ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი, ვაცნობიერებთ მაღალ პასუხისმგებლობას და იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია 

პირველად განვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების, იმუნიტეტის შეჩერებასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებით საკითხი, აქამდე ამას მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იხილავდა, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა წარადგინა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვა საკითხისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომას ნიშნავს.

„ამაზე მეტყველებს დეტალური კითხვები, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან, რათა მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, გვაქვს თუ არა საკმარისი გარემოებები, მივცეთ ნებართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე პარლამენტის წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმალური პროვოცირებისა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, მომხდარიყო ხელჩართული ბრძოლა და ფიზიკური დაპირისპირება, მაქსიმალური პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ. კანონის სრული დაცვით განვიხილეთ საკითხი, შევისწავლეთ საფუძვლიანად იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა გვაძლევს. ჩვენ არ გვაქვს ლეგიტიმაცია, მოვახდინოთ მტკიცებულებების გამოკვლევა. არ ვართ საგამოძიებო კომისია, თუმცა, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, კანონის სრული დაცვით შევამოწმოთ საფუძვლები, ჰქონდა თუ არა, გენერალურ პროკურორს მომართვის უფლებამოსილება.

ვაცნობიერებთ რა, ჩვენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება, განახორციელოს კანონდარღვევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია სრულად არის დაცული.

„ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას სრულად, არ შევდივართ განხილვაში, უნდა იქნეს თუ არა, კონკრეტული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, მაგრამ ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვავალდებულებს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და რეგლამენტი, შესწავლის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას მოითხოვს სამართლიანობა და კანონი. ჩვენ დავსვით დეტალური კითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან პასუხი, არსებობს თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. მივიღეთ პასუხად, რომ არსებობს არა მხოლოდ კადრები კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ჩვენებები და გარდა იმ კადრებისა, რომელიც ყველამ ვიხილეთ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით და წარმოდგენილი მოხსენებით, არსებობს სხვა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მსჯელობა შედგა იმ საკითხზე, რამდენად საჭირო იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

„გარდა ამისა, ჩვენ ვიმსჯელეთ და მოვითხოვეთ პასუხები, თუ რამდენად საჭირო იყო პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების სახით. რა მოხდებოდა, თუ ჩვენ, კომიტეტი ჩავთვლიდით, რომ არ იყო საჭირო ნებართვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. მივიღეთ კონკრეტული არგუმენტები, რომელიც შესაბამისობაშია როგორც ეროვნულ, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ამასთანავე, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ გენერალური პროკურორის წინადადება არის საფუძვლიანი და მხარი დაუჭირა, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

„ჩვენ არც ერთ განცხადებაში არ ვაცხადებთ, თუ რა უნდა განახორციელოს სასამართლომ. ეს არის სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამ შეფასებაში არ შევდივართ. ვერ შევალთ სასამართლოს შეფასებაში, ვერ გამოვიკვლევთ დეტალურად მტკიცებულებებს, თუმცა, მაქსიმალურად ყურადღებით, რამდენიმე საათიანი განხილვის შედეგად, მივიჩნიეთ დასაბუთებულად, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა არ შეფერხდეს სამართალწარმოების განხორციელება პარლამენტის წევრის მიმართ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, პარლამენტის წევრობა არ ამართლებს შესაძლო დანაშაულის ჩადენას.

„პარლამენტის წევრობა, რა თქმა უნდა, არ არის ის პოზიცია, ისევე, როგორც არც ერთი პირის პოზიცია ამ ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება, გაამართლოს შესაძლო დანაშაულის ჩადენა. ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ადამიანურად ეს არ არის ჩვენთვის მარტივი გადასაწყვეტი, თუმცა, კომიტეტმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. ასევე, მოვისმინეთ გენერალური პროკურორის წარმომადგენლის პოზიცია პლენარულ სხდომაზე და ახლა საკითხი უნდა გადაწყვიტოს პლენარულმა სხდომამ“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.