ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი იცვლება, თუმცა ესმით რჩევა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობა მეტად უნდა გაგრძელდეს
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი იცვლება, თუმცა ესმით რჩევა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობა მეტად უნდა გაგრძელდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ ურთიერთობებში არაფერი იცვლება, თუმცა ქართულ მხარეს ესმის მისწრაფება და რჩევა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაგრძელდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ამერიკული გამოცემა „ჰილი“-ს სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო საიმედო და სანდო მოკავშირეა, რის შესახებაც ხშირად დაფიქსირებულა არაერთ ჟურნალსა თუ გაზეთში.

„ამას მტკიცება, გაცხადება მომავალშიც ექნება არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი განცხადება იქნება ამერიკის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული, მათ შორის სენატორებისა, თუ კონგრესმენების მხრიდან. მათი მხრიდან ხაზგასმა მოხდება, რომ ამერიკისთვის საქართველო სანდო პარტნიორია, რაც ბევრს ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა მხარს უჭერს რეგიონის განვითარების კონტექსტში. რეგიონში საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა ამერიკასთან ერთად”, – განაცხადა ოხანაშვილმა.