ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი ვინმეს უფლების შელახვად არ უნდა იყოს აღქმული
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საკითხი საჭიროებს კანონის ჩარჩოში მოქცევას ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაცული იყოს.
ოხანაშვილის თქმით, საუბარია ჯანსაღ დისკუსიასა და მსჯელობაზე და ასეთი დისკუსია გახსნა მმართველმა გუნდმა.
„ამ საკითხებზე მსჯელობა საერთაშორისო დონეზე არის, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ეს ვინმეს უფლების შელახვად არ უნდა იყოს აღქმული. ვფიქრობთ, ეს არის ის საკითხი, რომელიც კანონის ჩარჩოში მოქცევას საჭიროებს, თუმცა ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაცული იყოს. ამავე დროს დაცული იყოს შესაბამისი უფლებები, რომ ამ საკითხის პროპაგანდირება არ მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.