ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატების გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას პარტია „ქართული ოცნება“ გააკეთებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ აკეთებს კონკრეტულ კომენტარს დეპუტატთა გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და ამბობს, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდება განცხადება.
„ჯერ ვერც ერთ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ამას აქვს თავისი ფორმა. გავრცელებული ინფორმაცია დეპუტატების გარიცხვაზე სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, ამის შესახებ „ქართული ოცნება“ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ამ თემაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა.
“არ ვყოფილვარ არანაირ შეხვედრაზე, არ დავსწრებივარ არანაირ შეხვედრას, თუმცა კონკრეტული განცხადება, რაზეც თქვენ საუბრობთ, გაკეთდება თავის დროზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ ის დეპუტატები, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დეპუტატებიდან ნაწილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება.