ანრი ოხანაშვილი - 2012 წლამდე, როცა სასამართლო სისტემას პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ ყოფილა ასეთი მძიმე ქმედება, გვექნება კომუნიკაცია პარტნიორებთან, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს
ანრი ოხანაშვილი - 2012 წლამდე, როცა სასამართლო სისტემას პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ ყოფილა ასეთი მძიმე ქმედება, გვექნება კომუნიკაცია პარტნიორებთან, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს

კომუნიკაცია გვექნება პარტნიორებთან, ვინაიდან არავის არაფერში წაადგება მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

„ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს, რაც ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე. ამიტომ ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე. ძალიან ბევრი მექანიზმი გვაქვს, რათა ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ჩვენი ხალხისთვის. ძალიან მძიმეა უსამართლობა, როდესაც ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენო. ამიტომ ყველას გვაინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე. კომუნიკაციის ბევრი ფორმატი არსებობს. როდესაც საუბარია ასეთ რამეზე, პირველ რიგში, პარტნიორ ქვეყანას უნდა დაელაპარაკო, გაარკვიო, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო, ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს.

სრული უფლება აქვს ჩვენს საზოგადოებას – ყველას: ჟურნალისტებს, პარლამენტის თუ საზოგადოების წევრებს – იცოდეს სიმართლე, რასთან გვაქვს საქმე, რა მტკიცებულებებია, თუ არის ასეთი მტკიცებულებები. დანაშაულთან თუ გვაქვს საქმე, მაშინ ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება.

ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა კომუნიკაცია. ეს რა ფორმით, როგორ იქნება, ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ, თუმცა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეგატყობინებთ და საზოგადოებას ინფორმაცია ექნება. საზოგადოებას და ჩვენ, ყველას, გვაქვს უფლება, ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. ერთ-ერთი სახელისუფლო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე როდესაც არის საუბარი, ეს არის უპრეცედენტო რამ. 2012 წლამდე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება სასამართლო სისტემის მისამართით. შესაბამისად, ჩნდება კითხვები. მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, რომ ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული საკითხების გაშლა. მზად ვართ, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.