ანრი ოხანაშვილი - 15 წლის მოზარდის საქმეს ბოლომდე მივყვებით, უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი პირველ რიგში პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინეს
გადავწყვიტეთ, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე პირად კონტროლზე ავიყვანოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას და ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით ნებადართული ყველა საკითხის შესახებ მყისიერად და პერმანენტულად მოგვეწოდებოდეს ინფორმაცია. გადავწყვიტეთ, რომ პირად კონტროლზე ავიყვანოთ ეს საქმე და ყველა საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიღოთ, რათა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს საზოგადოებას და რაც მთავარია, არც ოჯახს. პირადად მე, სოფო კილაძესთან ერთად, ამ საქმეს ჩვენს პირად კონტროლზე ავიყვან“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში ყველა შესაბამისი სუბიექტი იქნება დაბარებული.
ოხანაშვილის თქმით, ყველამ, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. თუმცა, ოხანაშვილის განმარტებით, პირველ რიგში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის საკითხი დგას.
„ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით, რათა არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი პირველ რიგში პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც კონკრეტული საკითხის გარკვევა ევალებოდათ. ვინც შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა. ამის შემდეგ გონიერება გვმართებს. ამ საკითხს ცივი გონებით უნდა მივუდგეთ. ყველამ, ვინც კი შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, იქნება ეს სკოლა, თუ სხვა, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ეს საკითხი იყოს თავიდან ბოლომდე შესწავლილი. ჩვენ საპარლამენტო კინტროლს ვახორციელებთ ამ საქმესთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი დღესვე უნდა მივიდეს პარლამენტში და იურიდიულ საკითხთა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართოს.
„მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მის ხელთ არსებობს, რათა ყოველმხრივი ინფორმავია მივიღოთ. თუ დამატებით საჭიროა ჩვენი მხიდან რეაგირება, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ. სოფო კილაძეს სახალხო დამცველთან ჰქონდა კომუნიკაცია და ვფიქრობ, სახალხო დამცველთან დღეს შეხვედრა გაიმართება და მისგან დამატებით ინფორმაციას მივიღებთ„ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიების თვალსაზრისით მაღალი სტანდარტი აჩვენოს.
„არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება გასწია უკვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ათეულობით პირია დაკითხული. ამიტომ, მათაც დაუტოვეთ უფლება, რომ ცივი გონებით, ემოციების გარეშე მიუდგნენ, გამოკვეთონ ყველა სავარაუდო პირი, ვინც შესაძლოა, უკავშირდებოდეს შესაძლო დანაშაულის ჩადენას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. შემჭიდროვებულ ვადებში ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო მიკერძოებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს.
„ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმასთან მიმართებაში, რომ ვინმეს მიკერძოებაზე ვისაუბროთ. სახწლმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა, პირი არის დაკავებული, რომელ მიკერძოებაზეა საუბარი. გამომძიებელია დაკავებული სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლესის პირობებში ვერც ერთი სახელმწიფო დაწესებულება, ვისაც გამოძიება ეხება, ვერ გაბედავს და მტკიცებულებების სტანდარტის მიღმა ვერ უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფლების აღკვეთას. სახელმწიფო ინსპექტორი არის სიმბოლო იმის, რომ როგორც დამოუკიდებელმა საგამოძიებო მექანიზმმა, ძალიან მაღალი სტანდარტის დაცვით აწარმოოს გამოძიება. ეს მაღალი სტანდარტი მტკიცებულებების შეგროვებას და სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის დაკავებას ნიშნავს. ფაქტია, პირი დაკავებულია. ვინმეს მიკერძოებაზე საუბრის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.