ანრი ოხანაშვილი - 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება
12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმაზე აქტიურ სამუშაო პროცესს ვაგრძელებთ, ყველა პოლიტიკური პარტიის და დაინტერესებული პირების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ხვდებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რათა მოისმინონ მათგან ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.
„12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვეთ, დაემუშავებინათ კონკრეტული ჩარჩო, ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების გაძლიერება და შემდგომი ცვლილებები. ამიტომ, მოვისმენთ მათ ხედვას, პოზიციებს. ხუთშაბათს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ღინისძიებებს და იმუშავებს ამ ორი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო სექტორი, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული. პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.