ანრი ოხანაშვილი - 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება
ანრი ოხანაშვილი - 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება

12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი არც ერთ რეკომენდაციაში არ არის გაწერილი.

„თუ ვინმე იტყვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი რომელიმე პუნქტშია მოაზრებული, ეს ყველა ლოგიკას ცდება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი 12-პუნქტიან გეგმაში განხილვის საკითხი ვერ გახდება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი თავად მასთან გაარკვიონ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს ადამიანი პოლიტიკიდან გავიდა. მან პოლიტიკური სივრცე დატოვა და წარმოუდგენელია, ვინმე ძალით ცდილობდეს, მის პოლიტიკურ სივრცეში შემოყვანას“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

„მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სამ ნაბიჯს ასახელებენ – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო ბარიერის დაწევა.