ანრი ოხანაშვილი - 10 მაისს გავაგრძელებთ მუშაობას ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ცხრა პუნქტიდან, გამჭვირვალობის კანონპროექტს კი კომიტეტზე განვიხილავთ 13 მაისს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრულ ცხრა პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, 13 მაისს კი გამჭვირვალობის კანონპროექტი.
„პარასკევს, 10 მაისს ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან. ამიტომ კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, – აცხადებს ოხანაშვილი.