ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით დავაყენე საკითხი, რომ პარლამენტის ნაცვლად, ოლიგარქთა რეესტრის შედგენა მთავრობამ უზრუნველყოს
პლენარულ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი განვიხილეთ და მოველოდი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზებები იქნებოდა, თუმცა რადიკალური ჯგუფიდან ერთი კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზება არ გაუკეთებიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით დააყენა საკითხი, რომ პარლამენტის ნაცვლად, ოლიგარქთა რეესტრის შედგენა მთავრობამ უზრუნველყოს.
მისივე თქმით, შეიძლება, კანონპროექტს არ უჭერენ მხარს, მაგრამ იმ პროცესში, რომელიც პარლამენტმა უნდა წარმართოს, ოლიგარქთა რეესტრის შედგენის დროს მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, მიაჩნიათ თუ არა ეს ფორმა სწორად, ამ საკითხზეც არ გამოხატავენ პოზიციას.
„პლენარულ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. მოველოდი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზებები იქნებოდა, ვინაიდან ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ისინი მედიასთან, კამერების წინ აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, რომ რაღაც არ მოსწონთ. როდესაც რაღაც არ მოგწონს, როგორია შენი ხედვა და რა შემოთავაზება გაქვს, ეს უნდა წარმოადგინო. თუ არ მოსწონთ კანონის ის რედაქცია, რაც წარმოვადგინეთ, მაშინ რას გვთავაზობენ, როგორ უნდა განიმარტოს ოლიგარქიის დეფინიცია, როგორი დაზუსტებები უნდა შევიდეს, ამის შესახებ ერთი კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზება ამ რადიკალური ჯგუფიდან არ გაუკეთებიათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ არაფერი სათქმელი. მხოლოდ კამერების წინ პოზიორობენ და ცდილობენ, წარმოდგენა და აღქმა შექმნან, თითქოს რაღაც აქვთ სათქმელი. რეალურად, პრობლემა იმაშია, რომ ეს ადამიანები დგანან ოლიგარქების მხარეს, უკრაინული მოდელის საწინააღმდეგო მხარეს არიან.
ჩვენ ეს კანონპროექტი უკრაინული მოდელის პრინციპებზე მორგებით რომ არ დაგვეინიცირებინა, ისინი ამას გვისაყვედურებდნენ, რომ ჩვენ თუ უარს ვიტყოდით ამ მოდელზე, იტყოდნენ, რატომ არ დავეყრდენით და რატომ არ გამოვიყენეთ ეს მოდელი. ამიტომ, როცა და როგორც აწყობთ, ისე საუბრობენ, რაც საზოგადოების თვალში მათ განცხადებებს სანდოს არ ხდის. ეს არის სამწუხარო მოცემულობა. შინაარსობრივად, მე შევთავაზე მათ წინადადება, გაეცათ პასუხი და დაეფიქსირებინათ ისინი. შესაძლებელია, კანონპროექტს არ უჭერენ მხარს, მაგრამ იმ პროცესში, რომელიც პარლამენტმა უნდა წარმართოს, ოლიგარქთა რეესტრის შედგენის დროს მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, ეს ფორმა მიაჩნიათ თუ არა სწორად და დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუმცა აქაც, პოზიციას არ გამოხატავენ. ერთი მხრივ, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტმა თავად მიიღოს კანონი და უზრუნველყოს ამ ოლიგარქთა რეესტრის შედგენა არის ინტერესთა კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, რადგან ესეც კი პრობლემად მიიჩნიეს, თქვენ იცით, რომ ერთადერთი გამონაკლისი, რაც უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გავაკეთეთ იმაშია, რომ მთავრობის ნაცვლად, პარლამენტი ჩავწერეთ. აქაც დავაყენე საკითხი, რომ ჩვენს შემთხვევაშიც გათვალისწინებული იყოს არა პარლამენტი, არამედ მთავრობა და მთავრობამ უზრუნველყოს ოლიგარქთა რეესტრის შედგენა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.