ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ანხელ მარია ვილიარმა ქვეყნის მთავრობა ეროვნული ნაკრების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან შესაძლო ჩამოშორებაში დაადანაშაულა. ამ დღეებში, ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ვერ მიიღოს მონაწილეობა მუნდიალში, რადგან არსებობს მთავრობის ჩარევის საშიშროება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში, რასაც ფიფა კატეგორიულად კრძალავს.
„სპორტის უმაღლესი საბჭო პასუხისმგებელია იმაზე, რომ ესპანეთი, შესაძლოა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გარეშე დარჩეს. ჩემპიონატიდან გაგდების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ფიფა მხოლოდ საკუთარი წესდებით ხელმძღვანელობს” – ამბობს გაზეთ El Pais-სთან კომენტარში ვილიარი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაკავებული იყო 45 მილიონი ევროს გაფლანგვისთვის, მისი პოსტი ფედერაციაში კი მოვალეობის შემსრულებელმა ხუან ლუის ლარეამ დაიკავა. ესპანეთის სპორტის უმაღლესი საბჭო თავად აპირებს ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნების მოწყობას.