ანკარაში თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის, „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის ქართული დიასპორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, მთარგმნელისა და მკვლევრის, ერდოღან შენოლის ავტორობით, თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის – „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (Gürcü Ansiklopedik Sözlüğü) პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაცია საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და დასრულების შემდეგ მიწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ღვინო და გამაგრილებელი სასმელები.
„ღონისძიების ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებაზე, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გრძელდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა.
ელჩმა, ასევე მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორისა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ამასთან, აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ელჩმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთში მოქმედი ქართული ასოციაციების ფედერაციისა და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, აგრეთვე, ლიტერატურული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წიგნი, ქ. ანკარაში საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით დაიბეჭდა. საგულისხმოა, რომ 600-გვერდიანი თურქულენოვანი „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ მოიცავს ზოგად ინფორმაციას საქართველოს, ქართული კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, ტურისტული ღირსშესანიშნობებისა და სხვ. მნიშვნელოვანი თემების შესახებ და მისი მიზანია, კიდევ უფრო აამაღლოს საქართველოს შესახებ ცნობადობა თურქეთში.
გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო წრისათვის. საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ გულითადად ულოცავს და მადლობას უხდის ავტორს, თურქეთში საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.