ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება
ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

ანკარაში დღეს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზეიმოდ დადებს ფიცს და ექვსი წლით დაიკავებს თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ამასთან ერთად, დღესვე თურქეთი შეიცვლის მმართველობის ფორმას და საპარლამენტოს ნაცვლად, საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება.

ერდოღანი ფიცს თურქეთის პარლამენტში თბილისის დროით 17:30 წუთზე დადებს. ამის შემდეგ ის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელ ათათურქის მავზოლეუმში მივა.

თბილისის დროით 19:00 საათზე კი თურქეთის მმართველობის ფორმის ცვლილების აღსანიშნავი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში შედგება, რასაც საზეიმო ვახშამი მოჰყვება, რომელსაც 20 ქვეყნის მეთაური დაესწრება. ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრებიან რუსეთის, უკრაინის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბულგარეთის, ყაზახეთის, პაკისტანისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციები.

საქართველოს დელეგაცია თურქეთში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ჩავა.

თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტს ექნება უფლება, მინისტრთა კაბინეტი დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. ასევე, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტები და დაამტკიცოს ბიუჯეტი.

როგორც თავად ერდოღანი ამბობს, ახალი მმართველობის ფორმა თურქეთის მთავრობის ფუნქციონორებას გააუმჯობესებს.

თურქული მედიის ცნობით, დღეს საღამოს თურქეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს. როგორც ერდოღანმა წინასწარ დაანონსა, სამინისტროების რაოდენობა 21-დან 16-მდე უნდა შემცირდეს.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიპოვა, საპარლამენტო არჩევნები კი მისმა პარტიამ, „სამართლიანობა და განვითარებამ“ მოიგო.