ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა
ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა.
თურქული მედიის ცნობით, გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და პეტერბურგელი ველოაქტივისტი გერმან მოიჟესი.
ამას გარდა, მინსკმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი.
გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. ასევე, რუსეთს გადასცეს პოლონეთის ციხეში მყოფი პაველ რუბცოვი; ნორვეგიაში დაპატიმრებული, ჯაშუშობაში ბრალდებული მიხაილ მიკუშინი, რომელიც თავს ბრაზილიელად ასაღებდა და ასევე, ცოლ-ქმარი არტიომ და ანა დულცევები, რომლებმაც რუსეთი სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარეს და სლოვენიაში იხდიდნენ სასჯელს.
ამასთან, აშშ-მა რუსეთს გადასცა სამი მამაკაცი, რომლებიც აშშ-ის ციხეებში იმყოფებოდნენ – რომან სელეზნევი, ვლადიალავ კლიუშინი და ვადიმ კონოშენკო.
თურქული არხები იუწყებიან, რომ გარიგებაში ორი ბავშვიც ფიგურირებდა. სავარაუდოდ, საუბარია სლოვენიაში გასამართლებული მეუღლეების მცირეწლოვან შვილებზე.