ანკარაში აშშ-ის საელჩო, უსაფრთხოების ზომების გამო, დღეს არ იმუშავებს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დღეს დახურული იქნება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი საელჩოს უსაფრთხოების საკითხია.
საელჩოს განცხადებით, დღეს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების სამსახური იმუშავებს.
საელჩო ასევე მოუწოდებს თურქეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ხალხით დატვირთულ ქუჩებს და საელჩოს შენობას, ასევე იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ტურისტული ადგილების მონახულებისას. საელჩო არ აკონკრეტებს, რა სახის საშიშროებაზეა საუბარი.
ვიზის აპლიკაციის ინტერვიუები, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი, გაუქმებულია. საელჩოს ცნობით, ისინი საჯარო განცხადებას გააკეთებენ, როცა გახსნისთვის იქნებიან მზად.