ანჯეი ჰალიცკი - მივმართავ საქართველოს მთავრობას, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებაზე, უკან მოიტოვეთ რუსეთთან კავშირები, საქართველოს ადგილი ევროპაშია
მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას, მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანჯეი ჰალიცკიმ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.
„ისტორია და გეოგრაფია ვერ იტანს ვაკუუმს. თქვენ ვერ იქნებით ევროკავშირსა და რუსეთს შორის, სადღაც შუაში. ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ისინი დგანან ევროკავშირთან. მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას, მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებაზე. უკან მოიტოვეთ რუსეთთან კავშირები, საქართველოს ადგილი ევროპაშია. თქვენს ხელშია თქვენი ქვეყნის მომავალი, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაც“, – განაცხადა ანჯეი ჰალიცკიმ.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობა სააკაშვილის სამკურნალოდ მზად არის.
„რატომ არ აძლევთ საშუალებას უცხოელ ექიმებს, უმკურნალონ სააკაშვილს? თქვენ ხართ პასუხისმგებლები ამაზე. თქვენ არ იქნებით ევროკავშირის პარტნიორები, თუ მას უცხოელი აგენტივით მოეპყრობით“, – განაცხადა ანჯეი ჰალიცკიმ.