ანჯეი დუდას ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ აშშ-ის ლიდერი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მარცინ ფშიდაჩმა პოლონურ მედიასთან განაცხადა.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის თარიღი.
„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა პრეზიდენტ დუდას მიწვევას და ჩამოვა პოლონეთში. ჩვენ ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ვიზიტის თარიღს დადგენილი წესით გამოვაცხადებთ, თუმცა შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან“, – აღნიშნა ანჯეი დუდას მრჩეველმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლონეთში ვიზიტის გეგმები პრეზიდენტმა ბაიდენმაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ არ იცის, როდის ჩავა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავისთვის გეგმავდა.