ანჯეი დუდა - ვწუხვარ, რომ ფერმერების მხრიდან უკრაინული მარცვლეულის გადაყრის შემთხვევები იყო, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პოლონეთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა წუხილს გამოთქვამს, რომ პოლონეთში ფერმერები უკრაინულ მარცვლეულს ყრიან, მაგრამ იცავს პროტესტის გამოხატვის უფლებას. ამის შესახებ მან უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
ანჯეი დუდამ პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკეტვის კომენტირებისას განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას არ შეუძლია, შეუზღუდოს მათ კანონიერი პროტესტის უფლება, რომ ფერმერებს აქვთ ასეთი ქმედებების საფუძველი.
ჟურნალისტმა პოლონეთის პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ აფასებს ის შემთხვევებს, როდესაც პოლონელმა მომიტინგეებმა, რომლებმაც საზღვარზე გამშვები პუნქტები გადაკეტეს, უკრაინული მარცვლეული გზაზე დაყარეს.
„ვწუხვარ, რომ ფერმერების მხრიდან უკრაინული მარცვლეულის გადაყრის შემთხვევები მოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პოლონეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს. ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. კანონიერი პროტესტი თუ იქნება, ეს პროტესტი დაცულია“, – განაცხადა დუდამ.
დუდამ აღნიშნა, რომ პროფკავშირები პოლონეთში მოქმედებენ პოლონეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მათ არ შეუძლიათ, ჩაერიონ მათ გადაწყვეტილებებში საზღვრის გადაკეტვის შესახებ.
„ეს არის გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს შორის უკრაინაში. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ იარსებონ, თავიანთი ფერმების ბედი აშინებთ. აქვთ სესხები, რომლებიც უნდა დაფარონ, ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, მათ ასევე აქვთ ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ფერმების ფუნქციონირებასთან. იმედი მაქვს, ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს მშვიდად, მოლაპარაკებების გზით. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სისტემა. პოლონეთში ვერავინ დაესხმება თავს იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტით გამოდიან და იცავენ თავიანთ ინტერესებს“, – განაცხადა დუდამ.
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან ხორბლის ნაწილი გადმოყარეს.