ანჯეი დუდა - საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ქმედებების გამო, მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის სამართლებრივ წესრიგს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„პოლიტიკური მიზანი არ შეიძლება, ამართლებდეს კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევას. სწორედ ამიტომ, კულტურის მინისტრის ქმედებების გამო საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ტუსკს და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის სამართლებრივ წესრიგს. მთელმა მინისტრთა საბჭომ კონსტიტუციის 151-ე მუხლის თანახმად დადო ფიცი, რომ დაიცავს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა კანონებს“, – წერს დუდა სოციალურ ქსელში.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.