ანჯეი დუდა - საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ, მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი
საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია უკრაინას, გაუმკლავდეს და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
დუდას თქმით, მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.
„პატივცემულო პრეზიდენტო, დიდი სიამოვნებით მოგესალმებით. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის მეგობარია, ამიტომ ორმაგად მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შეხვედრისა და საუბრის საშუალება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც ეხება ვითარებას საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში. მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის ხედვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ.
ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უშუალო მეზობლობაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებაზე. ახლო მომავალში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონ პრეზიდენტს ვარშავაში ჩამოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის. ასევე დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვიდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგრამ უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა და ამიტომ საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რამდენად შეუძლია უკრაინას, გაუმკლავდეს და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.
ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი თანხვედრაშია, ჩვენი აზრი, ჩვენი მიდგომა და ჩვენი აღიარება იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები და რომლებიც უშუალოდ ეხება ახლა უკრაინას და 2008 წელს, ეს აგრესია უშუალოდ საქართველოს მიმართ განხორციელდა და რუსეთი არაერთხელ ახდენდა პროვოკაციებს. 2008 წლიდან ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ზუსტად რუსეთის აგრესიის შედეგად და მუდმივად ხდება დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ანჯეი დუდას განმარტებით, საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ, მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები.
„ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა. ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.
საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ. ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს, ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტნმა დაგვიდასტურა ეს. იმედი მაქვს, არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში.
საქართველოს პრეზიდენტის ეს ვიზიტი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მას ამ ვიზიტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ძალიან ძლიერი მნიშვნელობა მიეცა მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი და ხმა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო დემოკრატიული გზით განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიზიტისა და ყველა შეხვედრისთვის“, – ამბობს ანჯეი დუდა, რომლის განცხადების თარგმანსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.