ანჯეი დუდა - საქართველო არის ევროპის ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ბუნებრივი პროცესია
ანჯეი დუდა - საქართველო არის ევროპის ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ბუნებრივი პროცესია

საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება პოლონეთის მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების მისწრაფებებში, – ამის შესახებ პოლონთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის, ასევე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილეს.

„უდიდესი სიხარულით ვეგებები დღეს საქართველოს პრეზიდნეტს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი ვიზიტით გვეწვია. განვიხილეთ არამარტო საქართველო-პოლონეთის მეგობრობის, ურთიერთობის საკითხები, არამედ ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე. ამ კუთხით, როგორც უკვე პრეზიდენტს მოვახსენე, თავს მემკვიდრედ ვთვლი, რომ იმ პოლიტიკის განმახორციელებელი ვარ, რომელიც ლეხ კაჩინსკიმ წამოიწყო 2008 წელს, როდესაც მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად ფიზიკურად დადგა და შეიძლება ითქვას, შეაჩერა რუსეთის აგრესია თბილისზე. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მხარს ვუჭერდით, ვუჭერთ და დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს იმ მნიშვნელოვან მსოფლიო გაერთიანებებში, როგორიც არის ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

„საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყანაა და იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა გადაიზრდება ევროკავშირში გაწევრიანებაში და საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა გადაიზრდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენი, პოლონეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რადგან 2020 წლის ბოლომდე საქართველოში პოლონეთის საელჩო არის საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის საკონტაქტო პუნქტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ამ კუთხით და აქედან გამომდინარე, დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ამ პერიოდში და მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ბუნებრივი პროცესია.

„ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სარწმუნო, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპას სჭრიდება გამთლიანება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ეს არის ბუნებრივი პროცესი, თვალნათელია, რომ ასე უნდა იყოს. ჩვენ ამაში საქართველოს მხარს ვუჭერთ. სალომე ზურაბიშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველოს სურს, ევროკავშირის რაც შეიძლება მეტ პროექტში მიიღოს მონაწილეობა და ეს მიმაჩნია სწორედ იმ გზად, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს. საქართველოს შეუძლია, ყოველთვის ჰქონდეს პოლონეთის იმედი“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მან საქართველოს პრეზიდენტს პოლონელი არქიტექტორების კვლევის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრეზიდენტს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ საქართველოში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ხდება, ასევე პოლონეთის კულტურული წელია. ამასთან, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოხატავს არქეოლოგიური სამუშაოების მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის არქეოლოგიის განვითარებისთვის. მეორე მხრივ, ძალიან ამაყი ვართ, რომ ზუსტად ჩვენი, პოლონელი არქეოლოგები პოულობენ ფაქტებს დასადასტურებლად, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. ქალბატონი პრეზიდენტი ჩვენს არქეოლოგებს მხარს უჭერს, მხარს დაუჭერს და ამისთვის, დიდი მადლობა მას. იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს ეს არქეოლოგიური კვლევები“ – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე პოლონეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

„საქართველოში უკვე არის პოლონეთის ინვესტირებისა და ვაჭრობის ორგანიზაცია და შეიძლება ითქვას, უკვე ძალიან ბევრი ქართული პროდუქტია ჩვენს ბაზარზე: ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ასევე სხვა პროდუქტები. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენს ბაზარზე პოლონელი მომხმარებლისთვის“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

მისი თქმით, საქართველოშიც ხორციელდება პოლონური პროდუქტის ექსპორტი.

„ასევე, გვსურს, პოლონურმა ფირმებმა აითვისონ ქართული ბაზრი. ეს დინამიური ბაზარია და პოლონელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს მოვუწოდებ, აწარმოონ საქართველოში თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობას გააღრმავებს და უფრო დინამიურად განავითარებს.

სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.