ანჯეი დუდა - პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, თავდასხმის შემთხვევაში, მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ პოლონური მედია TVP info იტყობინება.
პრეზიდენტს შეკითხვა პოლონეთზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ დაუსვეს, რაზეც ანჯეი დუდამ განაცხადა:
„ჩვენ ვართ ერი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში თავს არავის დასხმია. ყოველთვის გვინდოდა მშვიდობიანად ცხოვრება. ჩვენ გამოვძვერით რკინის ფარდიდან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა გვეცხოვრა შედარებით კომფორტულად, განვვითარებულიყავით, შეგვესწავლა მსოფლიო და გავმხდარიყავით მსოფლიო მოქალაქეები. ასე გაგრძელება გვსურს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ვინმე თავს დაგვესხას. თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს“, – განაცხადა დუდამ.