ანჯეი დუდა - ნატო-ს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება, ჩემი აზრით, ეს იქნება მკაფიო, ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის
უკრაინელები იბრძვიან, რათა გახდნენ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ, იყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული დასავლეთის ნაწილი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ლატვიის ტელევიზიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დუდას განცხადებით, ნატო-ს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება, რაც, მისი თქმით, იქნება მკაფიო, ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.
„ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ნიშნავს მათ უფლებას, მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ნატო-ს წევრებმა, უნდა მივიღოთ გზა, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია. ამას ითხოვს როგორც უკრაინის ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის მუდმივად ითხოვს უკრაინისთვის ნატო-ს ე.წ. ოფიციალური მოწვევის მიღებას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რეგისტრაციის პროცესის დაწყებას. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება თავიანთი პარლამენტების მეშვეობით. ეს შრომატევადი პროცესია, რადგან ნატო-ს თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი რატიფიცირება. შესაბამისად, ამ პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნატო-ს ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ფაქტობრივად, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ომის დასრულებამდე და უკრაინის სრული გაწევრიანება ნატო-ში მხოლოდ საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ნატო-ს წევრებს დღეს არ სურთ ამაზე დათანხმება მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა რატიფიკაციის პროცესი შეიძლება დღესვე დაიწყოს, რადგან, ჩემი აზრით, ეს იქნება მკაფიო, ცალსახა და ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, რომ ორივე, დასავლური ქვეყნები და უკრაინული საზოგადოება სრულად არიან მოწოდებული, ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინა გახდეს თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია“, – განაცხადა დუდამ.