ანჯეი დუდა - მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით
ანჯეი დუდა - მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არა მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია, აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტებთან შეხვედრები. გვქონდა შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაერო-ს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება.

ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ანჯეი დუდამ.

როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოსთან მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს.

ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გაგვაჩნია უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ.

საქართველოს აქვს ცოტა ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ  აღნიშნა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

დიდი მადლობა საქართველოს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით“,-განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს საქართველოს გავლით მგზავრობდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.