ანჯეი დუდა - იმედი გვაქვს, არც თუ ისე შორეულ პერიოდში საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შევა ნატო-ში, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ მისწრაფებებს
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.
„მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე, შევა ნატო-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობას მისცემს, რათა ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.