ანჯეი დუდა - დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება, უკრაინა არ იბრძვის სიცოცხლისთვის, ის იბრძვის დამოუკიდებლობისთვის
ანჯეი დუდა - დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება, უკრაინა არ იბრძვის სიცოცხლისთვის, ის იბრძვის დამოუკიდებლობისთვის

დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გარკვეულწილად არის მთელი ევროპის დამოუკიდებლობის დღე, რადგან „უკრაინის დამოუკიდებლობის გარეშე ძნელი წარმოსადგენია დამოუკიდებელი და უსაფრთხო პოლონეთი, ლიეტუვა ან რეგიონის სხვა ქვეყნები“.

დუდამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე იქნება.

„ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება, რომ გაერთიანებული და მამაცი უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიცავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ომი თავისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდება და ომის სიბნელიდან, ნანგრევებიდან და გადამწვარი ტერიტორიებიდან დაიწყება ახალი სამყაროს შენება“, – განაცხადა დუდამ.

ამასთან, დუდას თქმით, პოლონეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.